რატი ბრეგაძე: გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაჯერებული იყო სამშვიდობო მოწოდებებით – მზად უნდა ვიყოთ, რომ ხელი გავუწოდოთ ოსებს და აფხაზებს

გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაჯერებული იყო სამშვიდობო მოწოდებებით – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ქართველებმა ხელი გავუწოდოთ ოსებს და აფხაზებს, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაეროში.

„გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაჯერებული იყო სამშვიდობო მოწოდებებით, რა თქმა უნდა, სრულიად ვიზიარებ ამ პათოსს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ, ქართველებმა ხელი გავუწოდოთ ოსებს და აფხაზებს, იმისათვის, რომ გვქონდეს ერთიანად მშვიდობა და შევძლოთ ერთიან სახელმწიფოში კიდევ უფრო მეტად განვითარება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დადასტურდა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს.

„მე დავსვამ კითხვას: ვის აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული? – რუსეთს. ვინმე რა რამე სხვას ამბობს? ვინმე ამბობს რომ სხვა სახელმწიფოს აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული თუ რუსეთს არ აქვს ოკუპირებული? ოდესმე სხვა რამე გაგიგიათ? თავიდან ბოლომდე მოუსმინეთ პრემიერის გამოსვლას და ნახავთ რას ეძღვნებოდა ეს გამოსვლა. ის, რომ რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული ეს არის დადასტურებული ფაქტი, რაც შესაძლებელი გახდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი გახდა მოგვეგო სახელმწიფოთა შორის დავა სტრასბურგის სასამართლოში. მთელი მსოფლიოს წინაშე დაგვეცვა გმირი ქართველი სამხედროები და გვეჩვენებინა მათი სიმართლე, მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა ითქვას – დიახ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული – ჩვენ გავაკეთეთ ეს და ჩვენ დავუმტკიცეთ მსოფლიოს.

ამაზე პასუხი მარტივია, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ: ის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღემდე, სამწუხაროდ, ოკუპირებული აქვს რუსეთს, დაამტკიცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთელი მსოფლიოს წინაშე, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლითაც ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდნენ მძინარე ცხინვალის დაბომბვას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები