„საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროცესის მიზეზი  არის მხოლოდ ის, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, ვდგავართ ჩვენს პრინციპებზე”- განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ სწორედ საქართველოს ეროვნულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგებიან უცხოური ძალები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ქართული ოპოზიცია.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მეგობარი ქვეყნის მხრიდან არამეგობრული საქციელი ძალიან სამწუხაროა. დეპუტატმა მომხდართან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადებაზეც ისაუბრა.
ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საელჩოს პოზიცია, თითქოს მოწვევის გაუქმება ხელისუფლების არადემოკრატიულ ნაბიჯებს მოჰყვა, გაუგებარია, რადგან ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებსა და პრინციპებს 3 დღის წინაც იცავდა, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოწვევა გაუგზავნეს.
მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით ბაიდენის ადმინისტრაციის მდაბიო გადაწყვეტილება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქართულ ოპოზიციას მოქმედებისკენ უბიძგონ.
“ფაქტი, რომელიც გამჟღავნდა და პრინციპში, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომია, ძალიან სამწუხაროა – ასეთი უძლიერესი ქვეყნის მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სჩადის ასეთ მდაბიო საქციელს.  პატარა ქვეყანა – საქართველო, რომელიც თავისი კულტურით, ამხელა გამოცდილებით, ქვეყანა, რომელსაც უამრავი დამპყრობელი უნახავს და გამობრძმედილი ერია, ვართ აქამდე მოსული.   სტუმარმასპინძლობის თემა ალბათ, პირველ ადგილზეა ჩვენი ქვეყნისთვის. როგორ ვუწოდებთ ჩვენ სტუმარს – „სტუმარი ღვთისაა” , ანუ ადამიანები საქართველოში, სულ რომ არაფერი ებადოთ, რაღაცას გამონახავენ სტუმრისთვის, ყველაფერს გაიღებენ. ამით ვართ გამსჭვალული და ასე ვცხოვრობთ. წარმოიდგინეთ, როცა ასე იქცევა შენი პარტნიორი. თან ჰეგემონი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო მმართველობაზე აქვს პრეტენზია და ასეთ საქციელს სჩადის მისი პრეზიდენტი, ძალიან საწყენია. საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი ეს პროცესი არის იმის გამო, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, ვდგავართ ჩვენს პრინციპებზე და ვაკეთებთ იმას, რაც მიგვაჩნია სწორად. ამას ეწინააღმდეგებიან დამკვეთები და შემსრულებლები, რომლებიც აქ “მოღვაწეობენ”- რადიკალური ოპოზიცია, მეხუთე კოლონა.
 აშშ-ს საელჩოს განცხადება იყო დღეს – დემოკრატიის უკუსვლას ეძახიან ჩვენს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, იმ პრინციპებს, რომელზეც ჩვენ დავდექით და მკაცრად ვიცავთ. აი, რა არის შეურაცხმყოფელი და რას ვერ გაიგებს ქართველი ადამიანი – შე დალოცვილო, 3 დღით ადრე იგივე ინფორმაციებს ხომ ფლობდი? იმავენაირად ხომ იცოდი, როგორც თავად ამბობენ, დემოკრატიის უკუსვლა რომ  არის და ეს  ხელისუფლება არასწორად იქცევა, რატომ უგზავნი მოწვევას? 3 დღის მერე რომ მიუქმებ, ეს არის მდაბიო საქციელი, თორემ თავიდანვე რომ განესაზღვრათ თავიანთი ქმედებენი, კიდევ გამართლება შეიძლებოდა.
ეს მხოლოდ იმისთვის არის გაკეთებული, რომ აქაურ, მათ დაქვემდებარებაში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს, მეხუთე კოლონას მისცენ ბიძგი – ნახეთ როგორ ვამცირებთ თქვენს ხელისუფლებას, ამერიკის ხელისუფლება  გიჭერთ თქვენ მხარს და აბა იმოქმედეთო. ოპოზიციის მხარდაჭერისთვის გაკეთებული ქმედებაა,”- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.