საკრებულოში არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის საკრებულოში არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პირობებით, ელექტრონული ხმის მიცემის წესით და ახალი ტექნოლოგიებით ჩვენი ქვეყანა 2024 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებს, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაციაზე.
მისივე განცხადებით, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა არჩევნების ადმინისტრირების საქმეში წინგადადგმული, პროგრესული ნაბიჯია, რადგან საგრძნობლად ზრდის საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტიანობას, არჩევნების შედეგებს სძენს სისწრაფესა და სიზუსტეს და შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას ამყარებს.
„თბილისის საკრებულო უერთდება ცესკოს საინფორმაციო კამპანიას ელექტრონული ხმის მიცემის შესახებ. მოხარულები ვართ, რომ დღეს საკრებულოში სწორედ ამ ინოვაციური მეთოდის გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაცია იმართება და ჩვენს თანამშრომლებს საშუალება ექნებათ არჩევნების იმიტირებულ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. მინდა მადლობა გადავუხადო ცესკოს ამ შესაძლებლობებისთვის. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
თავის მხრივ პრეზენტაციაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, 2024 წლის არჩევნები მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ცენტრალური კომისიის წარმომადგენელმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობა გააცნო და საარჩევნო პროცედურებში ელექტრონული ტექნოლოგიების თავისებურებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიების ფარგლებში არჩევნების პროცესის იმიტაცია დადგენილი პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის მიმდინარეობისას ცესკოს წარმომადგენელმა, ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიებას საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია – როგორ მივცეთ ხმა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დაიწყო. ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის გამოყენებულ იქნება ყველა შესაძლებლობა, ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად გაიმართება ხალხმრავალ ადგილებში – მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, სავაჭრო ცენტრებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში – მოქალაქეებს პირადად შეეძლებათ ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.