სამაშველო და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება – სტიქიის შედეგები გურიაში

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი გურიის რეგიონში სტიქიის შედეგების შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში სამაშველო და სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

„გურიის რეგიონში 8 სექტემბერს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებოდ შექმნილი შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მომხდარ სტიქიას მსხვერპლი მოყვა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათგან ორი მოზარდია.

სამაშველო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სოფელ ჯუმათში, სილაურში და ჯიხანჯირში მაშველების მიერ ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი.

რაც შეეხება სტიქიის მიერ მიყენებულ ზიანს 8 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მეწყერის შედეგად დაზიანებულია 26 საცხოვრებელი სახლი. ზიანი მიადგა დაახლოებით 130 ოჯახს. დაზიანებულია 15 ხიდი (მათ შორის სუფსის დიდი ხიდი) და 5 მილხიდი, ასევე 15 გაბიონი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწყერის შედეგად დაზიანდა 76 საცხოვრებელი სახლი(სილაური, ნასაკირალი, კონჭკათი, შრომა, თხინვალი, ნატანები),ზიანი მიადგა 155-მდე ოჯახს. დაზიანებულია დაახლოებით 10 ხიდი და 28 მილხიდი (ნაგომარი, გურიანთა, შრომა, სოფ. ოზურგეთი).

მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც მძიმე ტექნიკასთან ერთად ჩართულია ცოცხალი ძალაც. სამაშველო და სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

სტიქიის ზონაში რჩებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტებში და მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილია სპეციალური ცხელი ხაზი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები