რატომ გადაიდო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის პროცესი?
საქალაქო სასამართლოში ბრალდების მოწმის ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ერთ-ერთი ბრალდებულის, ვალერიან მეტრეველის ადვოკატმა საქმის გადადება ითხოვა.
როგორც ადვოკატმა სურენ ბარეგიანმა განმარტა, ის საქმეში დღეს ჩაერთო, მასალებს არ გასცნობია და ამისთვის დრო სჭირდება.
პროცესის გადადების წინააღმდეგი იყო პროკურატურა. ბრალდების მხარე მოითხოვდა, რომ დღევანდელ პროცესს კვლავ სახაზინო ადვოკატი გაძღოლოდა.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ვალერიან მეტრეველის ადვოკატი 200 ლარით დააჯარიმა იმ საფუძვლით, რომ მან არა წინასწარ, არამედ დღეს შეატყობინა მხარეებს იმის შესახებ, რომ საქმის მასალებს არ იცნობდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი 20 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება. და ის ერთ-ერთი ბრალდებულის ოლეგ მელნიკოვის დაკითხვით განახლდება.
წინა პროცესზე ოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა, ამჟამად კი მას ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით უნდა დაკითხულიყო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეში ბრალდებულია ვანო მერაბიშვილი, ოლეგ მელნიკოვი, ვალერიან მეტრეველი და გერონტი ალანია.