“რევიზიონისტული ჟესტია, რომელიც ორბანს პუტინის გვერდით აყენებს” – უნგრეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა
უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის ფეხბურთის ამხანაგურ მატჩზე შარფით მივიდა, რომელზეც “დიდი უნგრეთის” რუკაა გამოსახული, მის შემადგენლობაში მეზობელი სახელმწიფოების ნაწილების ჩათვლით.
1920 წლის ტრიანონის ხელშეკრულებით, უნგრეთის სამეფომ ყოფილი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა. უნგრეთში ეს ჯერ კიდევ დიდ ისტორიულ სირცხვილად მიიჩნევა.
გამოცემა Index-ი წერს, რომ ინციდენტი 20 ნოემბერს მოხდა.
ორბანის შარფზე დატანილია რუკა ევროკავშირის ქვეყნების – ავსტრიის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და ხორვატიის ნაწილებთან ერთად. გარდა ამისა, „დიდი უნგრეთის“ რუკა მოიცავს დღევანდელი სერბეთისა და უკრაინის რეგიონებს, რომელიც უნგრეთის სამეფოს პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე ეკუთვნოდა.
რუმინელმა ევროპარლამენტარმა, ალინ მიტუცამ Twitter-ში დაწერა, რომ ასეთი ქმედებისთვის ევროკავშირის ლიდერებმა ორბანი უნდა დასაჯონ და მისი იზოლირება უნდა მოხდეს.
“ეს ვიქტორ ორბანის მორიგი უპასუხისმგებლო ნაბიჯია. ეს არის რევიზიონისტული ჟესტი, რომელიც ორბანს პუტინის გვერდით აყენებს, რომელიც ასევე საზღვრების შეცვლაზე ოცნებობს. ევროკავშირის ლიდერებმა უნდა დაუწესონ მას სანქციები და მოახდინონ ევროსაბჭოდან მისი იზოლირება“, – განაცხადა მიტუზამ.
ორბანი “დიდ უნგრეთს” პირველად არ ახსენებს. 2020 წელს მან გამოაქვეყნა გლობუსის ფოტო, სადაც ასევე ნაჩვენებია უნგრეთის სამეფოს საზღვრები პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. მაშინ ამ შემთხვევამ ხორვატიის და რუმინეთის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია.