აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, თანამედროვე აგრო რეგიონის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით, თანამედროვე აგრო რეგიონის პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აგრარულ საკითხთა კომიტეტში, კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, თანამედროვე აგრო რეგიონის საპილოტე პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ექსპერტის მონაწილეობით, საპილოტედ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის განვითარების კონცეფცია შემუშავდა, რომელიც აგრო და აგროტურიზმის მიმართულებით თეთრიწყაროს ძლიერი მხარეების გამოკვეთას, არსებულ ხელშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირებას და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კოორდინირებული ქმედებების დაგეგმვას მოიცავს.

„განხორციელდა საპილოტე თანამედროვე აგრორეგიონი, რომელიც გულისხმობდა დონორის დახმარებით, ექსპერტის ჩართულობით მომზადებულიყო თანამედროვე აგრორეგიონის პროექტი. ამ შემთხვევაში, თეთრიწყაროს მაგალითზე, კომპლექსურად მოხდა იმ სოციალურ-ეკონომიკური მოცემულობის და პოტენციალის, რესურსების, აგრო და აგროტურისტული ტრადიციული მიმართულებების გაანალიზება, რომლებიც რეგიონს აქვს. ამის საფუძველზე კი, შემუშავდა რეკომენდაციები მულტისექტორულად სხვადასხვა სამინისტროების და თავად მუნიციპალიტეტის მიმართ, რათა კოორდინირებულად მოხდეს ამ რეგიონის განვითარებაზე ზრუნვა და ყველა იმ საჭიროების დაგეგმა და გაწერა დროში, რომელიც საბოლოოდ ნამდვილად ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარების დაჩქარებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა დოკუმენტის პრეზენტაციაზე.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა.

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელის განცხადებით, მოცულობითი და საინტერესო სამუშაოა განხორციელებული. მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის განვითარებისთვის.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ კონკრეტულ მახასიათებლებზე, რომლებსაც გვინდა რომ სწორად მოვარგოთ სასოფლო-სამეურნეო მხარდაჭერა და ხელი შევუწყოთ განვითარებას. ვიცით, რომ საქართველოში ძალიან მაღალია სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულება და აქ ჩვენ ვხედავთ ასევე ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების შესაძლებლობებს“, – აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

შემდეგ ექსპერტმა ზაზა ჭელიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობა და ტურიზმი სოფლად, საპროექტო ინტერვენციების განხორციელებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების შეფასება, თანამედროვე აგრო რეგიონის პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევა და წარუდგინა საპილოტე რეგიონის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა ირგვლივ დისკუსია გაიმართა.

„თანამედროვე აგრორეგიონი თვალნათელი მაგალითია და გზამკვლევი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდნენ რეგიონები და მუნიციპალიტეტები კომპლექსურად და გავითვალისწინოთ ჩვენ – ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ასევე ადგილობრივმა ის პრიორიტეტები და საჭიროებები, რომლებიც რეალურად მუნიციპალიტეტებს აქვთ განვითარებისთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, კომიტეტი გეგმავს, რომ აღნიშნული კონცეფცია დაამტკიცოს როგორც რეკომენდაციების დოკუმენტი.

„გვექნება ინტენსიური მონიტორინგი საკითხებზე – რამდენად განხორციელდა ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, აგროტურიზმის თუ ტურიზმის მიმართულებით იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ამ მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა. რაც მნიშვნელოვანია – მოკვლევაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი კერძო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი საკმაოდ ჩართულობითი იყო, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ კონცეფციის შემუშავება როგორც სტატისტიკაზე, ასევე ადგილობრივ მოცემულობაზე დაყრდნობით განხორციელდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები