“ვიფიქრეთ, ხომ არ შეგვეკავებინა თავი” – მდინარაძე უკრაინაში დაღუპული ქართველების სამძიმარზე მიუსვლელობის მიზეზს განმარტავს

“ჩვენ ასე ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე რატომ არ იყვნენ სამთავრობო გუნდიდან – საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მოხალისეებს უკრაინაში ბევრი პოლიტიკური ფაქტორის, მათ შორის, პარტნიორების დამოკიდებულების გამო ვერ უშვებს.

„როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ა.შ მოხალისეებთან დაკავშირებით წინააღმდეგობას აცხადებს, მაშინ უხერხული მომენტი ჩნდება, როგორ უნდა იქცეოდნენ ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები, რაიმე მათი მოქმედება, თუნდაც, გულწრფელი სამძიმარი აღიქმება თუ არა წახალისებად იმ ფონზე, როდესაც მოხალისეებთან დაკავშირებით აშშ, ბრიტანეთი, ნატო-ს ქვეყნები და მათ შორის, მათთან ერთად საქართველოც იგივე პოზიციას აფიქსირებს და ახმოვანებს, რომ ჩვენ ვერ ვუშვებთ მოხალისეებს ბევრი პოლიტიკური ფაქტორის გამო. ამ დროს კი ჩვენ უნდა დავფიქსირდეთ თუ არა იქ [სამძიმარზე] თუ უბრალოდ შემოვიფარგლოთ იმით რასაც ვაკეთებთ?! აქვე, გულწრფელ სამძიმარს გამოვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს და არა მოჩვენებითს როგორც ზოგიერთები. ასევე, მეორე საკითხია ის, რაც არის ერთის მხრივ პროტოკოლური და მეორე მხრივ კი უხერხული. რაც შეეხება იმას, არის თუ არა წამახალისებელი ეფექტის მატარებელი, ამაზე დავა შეიძლება. დეპუტატები იყვნენ წინა შემთხვევაში. ჩვენ ასე ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები