TOYOTA რუსეთში ავტომობილების წარმოებასა და ექსპორტს აჩერებს
უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბოიკოტს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოკომპანია – Toyota უერთდება, რომელიც რუსეთში ავტომობილების წარმოებასა და ექსპორტს გაურკვეველი ვადით წყვეტს.
„Toyota შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ უკრაინელი ხალხისთვის მშვიდობა რაც შეიძლება მალე დაბრუნდება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანია რუსეთში ყოველწლიურად, დაახლოებით, 120 000 ავტომობილს ყიდის, სანკტ პეტერბურგის ქარხანაში კი წელიწადში 80 000-მდე ავტომობილი იწარმოება და 2 000-მდე მოქალაქეა დასაქმებული.
Toyota-ს გარდა, რუსეთში მუშაობას აჩერებენ სხვა მსხვილი ავტომწარმოებლებიც, კერძოდ: BMW, Volkswagen, General Motors, Audi, Jaguar, Land-Rover, Chevrolet, Mitsubishi, Volvo, Buick და Cadillac.