დავით კირკიტაძე: ჩემი პოზიციაა, სრული მხარდაჭერა ბადრი ჯაფარიძის მიმართ
“ჩემი პერსონალური პოზიციაა ბადრი ჯაფარიძის სრული მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია იქნება ადეკვატური”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით კირკიტაძემ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის წარდგენის თაობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ვიწროპარტიული ინტერესების დრო არ არის.
„მივესალმები ბადრი ჯაფარიძის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მან მიიღო, ის არ შეურიგდა უსამართლობას, თავი არ დაუხარა იმ ძალმომრეობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის მიმართ, მიიღო ეს გამოწვევა ხელისუფლებისგან და შემოვიდა ამ ბრძოლაში, რათა დაანახოს მათ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ სურთ. პერსონალურად ჩემი პოზიცია და ჩემი მხარდაჭერა მის ამ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ არის ერთმნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას, უახლოეს საათებში ეს გახდება ცნობილი. ბადრი ჯაფარიძის ამ ნაბიჯს ვაფასებ უკიდურესად პოზიტიურად. ჩემი პერსონალური პოზიციაა სრული მხარდაჭერა მის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია იქნება ადეკვატური. ახლა არ არის დრო ვიწროპარტიული ინტერესების გატარების, ერთმანეთის კრიტიკის, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” და ეს უნდა დავასრულოთ”, – განაცხადა კირკიტაძემ.