პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი N5 ქალთა დაწესებულებას ეწვია და მსჯავრდებულების საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს გაეცნო
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელთან ნინო წილოსათან და საბჭოს წევრებთან ერთად N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაწესებულებაში ვიზიტისას, ნინო წილოსანი პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ სხვადასხვა სარეაბილიტაციო და სასწავლო პროგრამებს გაეცნო, ასევე დაათვალიერა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მსჯავრდებულებს გაესაუბრა.
სტუმრებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სამკერვალო, სილამაზის სალონი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სამლოცველო და ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი დაათვალიერეს. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირობების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია. შეხვედრის დასასრულს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.