რატომ გახდა საჭირო ცესკო-ს თავმჯდომარისა და “პროფესიული წევრების” არჩევის წესის ცვლილება – შალვა პაპუაშვილის განმარტება

ახალი წესით, არჩევის პირველი მცდელობა იქნება 2/3-ით, მეორე კი უბრალო უმრავლესობით. თუმცა, დარჩება წესი, რომ თუ 2/3-ით არჩევა არ მოხდა, ამ შემთხვევაში თავმჯდომარე და წევრები 6 თვით დაინიშნებიან, -„ქართული ოცნების“ წევრი და ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების დანიშვნის წესის ცვლილების პროექტის თანაავტორი – შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არის საჭირო აღნიშნული ცვლილება.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და პროფესიული წესით არჩეულ ორ წევრს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურებათ და მაისში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს, იმ შემთხვევაში კი, თუ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების მოქმედი პროცედურით არჩევას 4 თვე დასჭირდება და მაისამდე ცესკო-ს სრულად დაკომპლექტება ვერ მოხდება.

„ვნახეთ, რომ იდეა, რაც კვალიფიციური უმრავლესობის წესში იყო ჩადებული, რომ ოპოზიციასთან ერთად არჩეულიყო და კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება ყოფილიყო, ვერ შედგა იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამ პროცესს საბოტაჟი გამოუცხადა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ჩვენ მაშინაც გვქონდა გარდამავალი დებულებები, სადაც იყო შემოკლებული ვადები. ვინაიდან თავმჯდომარე და წევრები 6 თვის ვადით იყვნენ არჩეულები, ახლაც დღის წესრიგში დგას ხელახლა არჩევის საკითხი, რადგან მათ ვადა თებერვალში გასდით. ასევე, ვიცით, რომ მაისში უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები რუსთავში მაჟორიტარი წევრის და ასევე, ჩასატარებელი იქნება შუალედური არჩევნები გამოკლებული წევრების. შესაბამისად, აქაც დგას, ერთი მხრივ, ის საკითხი, რომ თუკი თავდაპირველ პროცედურას გავყვებით, ამას სჭირდება 4 თვე და მაისში არჩევნების ჩატარება ისე მოგვიწევს, რომ ცესკო სრულად დაკომპლექტებული არ იქნება. მეორე მხრივ, 4-ჯერ კენჭისყრა და შუალედები არაფერს იძლევა, გარდა პროცესის გაჭიანურებისა. ვინაიდან, თუ ოპოზიცია დესტრუქციულადაა განწყობილი, 4 კენჭისყრა იქნება თუ 5, კონსენსუსისკენ მაინც არ მოდიან. ახალი წესით, არჩევის პირველი მცდელობა იქნება 2/3-ით, მეორე კი უბრალო უმრავლესობით. თუმცა დარჩება წესი, რომ თუ 2/3-ით არჩევა არ მოხდა, ამ შემთხვევაში თავმჯდომარე და წევრები 6 თვით დაინიშნებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები