გიგი უგულავა: როცა ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის განწირულია მარცხისთვის
“სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს, ეს არის მარაზმს მიღმა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ “ქართული ოცნების” მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებულ მხარდამჭერთა შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის მარცხისთვის განწირულია.
„სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს, ეს არის მარაზმს მიღმა. ამაზე დიდი მარაზმი არის მხოლოდ ის, როდესაც ხელისუფლება პატიმარს უწყობს აქციას გადადგომის მოთხოვნით, ეს თუ შეედრება თავისი აბსურდულობით. „ქართული ოცნება“ მეორე ტურში არის მთლიანად გონიერების მიღმა გასული. ჩვენ ვხედავთ უკიდურესად უზრდელ და სახიფათო პრემიერმინისტრს, რომელიც ჩემთვის კომიკურია, მაგრამ თავისი განცხადებებით ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც ცოცხებით დარბიან და რომლებიც აქაც ჩამოიყვანეს. დეპუტატმა ბატონმა იზორიამ, რომელიც პროფესიით მოკრივეა, ჩამოიყვანა სხვა ქალაქებიდან თავისი კოლეგა მოკრივეები, არ მგონია წინასაარჩევნოდ კრივში სავარჯიშოდ. ეს ყველაფერი არის გახრწნის ნიშანი. მარტივი ჭეშმარიტება არსებობს, როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და ასეთია დღეს „ქართული ოცნება“, – განაცხადა უგულავამ.