პარლამენტის პლენარული სხდომა რეგლამენტის თანახმად დეპუტატების პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმო, რის შემდეგაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და კენჭისყრის შედეგად მიიღეს

პარლამენტის პლენარული სხდომა რეგლამენტის თანახმად დეპუტატების პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმო, რის შემდეგაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და კენჭისყრის შედეგად მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობიტ, პარლამენტის წევრებმა პირველი მოსმენით განიხილეს და 77 ხმით მხარი დაუჭირეს „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას რომლითაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, განისაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, როშკის ბუნების ძეგლის და ასის აღკვეთილის ახალი ფართობები და საზღვრების კოორდინატები და წესრიგდება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვის, დაცვის და გამოყენების რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები. პარლამენტმა ასევე 81 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” რატიფიცირების თაობაზე.

სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და 75 ხმით მხარი დაუჭირეს „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, გაშენებასთან, აღრიცხვასთან, სარგებლობასა და მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორც მომხსენებელმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განმარტა, კანონპროექტით წესრიგდება ვეტერინარული საქმიანობის რეგულირებასთან და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები. პარლამენტმა 78 ხმით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ენის შესახებ” კანონპროექტს.

სხდომაზე განიხილეს და 76 ხმით მიიღეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი, რომლითაც წესრიგდება ძეგლის მესაკუთრის , ძეგლზე ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობასთან და ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისთვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას დეპუტატებმა მხარი 75 ხმით დაუჭირეს.

კანონპროექტით ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზართან, ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორთან, ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზართან და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება. დღესვე პარლამენტმა განიხილა და მხარი 78 ხმით დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტირების წესებს უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში პარლამენტი მუშაობას საკომიტეტო მოსმენების ფორმატში განაგრძობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები