გია ვოლსკი: “ქართული ოცნების” ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ სააკაშვილის მიმართ პროტესტით ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოვიდეს
„ქართული ოცნების” ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროტესტით, ვინც ეს სადისტური სისტემა ჩამოაყალიბა, ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოვიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების პერსპექტივა არ ჩანს.
„სახელმწიფო ვალდებულია, ყველა შემთხვევაში შეინარჩუნოს სტაბილურობა. ირაკლი ღარიბაშვილს მთავარი აქცენტი ჰქონდა იმაზე, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, სახელმწიფო დესტაბილიზაციის მცდელობას არცერთი მხრიდან არ დაუშვებს. მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ „ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ ცხოვრებაში ახალი კონტურები გამოიკვეთა – პარტიის ახალარჩეული თავმჯდომარე, ნიკა მელია სააკაშვილს ამუნათებს, რომ მის ადგილას ის აქამდე ჩამოვიდოდა, თუმცა, ეს მისი საქმეა… მეორეს მხრივ, სააკაშვილმა შეფარულად მასზე და სხვა ლიდერებზე მიუთითა, რომ ხელი უნდა გაანძრიონ და ჩამოვა. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში გარემოებები შემდეგია: – არჩევნებში მათი გამარჯვების პერსპექტივა არ ჩანს. ამის მონაცემები არსებობს. გეგმაშია დესტაბილიზაცია და განცხადება იმასთან დაკავშირებით, „მე ჩამოვდივარ”, არის ლიდერობაზე ხაზგასმა და, მეორე მხრივ, არის შეგულიანება იმ მოწოდებით, რაც მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გააკეთა”, – აცხადებს გია ვოლსკი.