გია ვოლსკი: კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაცმოძრაობასთან”, გიორგი გახარიასთან, ნებისმიერ სხვა პარტიასთან

“ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში, რომელმაც შეიძლება, ქვეყნის სტაბილურობა განაპირობოს?”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში “ქართული ოცნების” არსებობა მნიშვნელოვანია.

„სამომავლო პერსპექტივაში კოალიციური მთავრობა სწორედაც ის არის, რაც სტაბილურობას სჭირდება, მაგრამ თუ დღევანდელ ვითარებას გადავხედავთ, გავაანალიზებთ, რომელი პარტიული სუბიექტებია პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაციონალურ მოძრაობასთან”, იგივე გიორგი გახარიასთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილად იქცა. ასევე, ნებისმიერ სხვა პარტიასთან… კარგი იქნებოდა დაესახელებინა, პერსპექტივაში რომელ პარტიასთან იქნებოდა კარგი, რომ ვითანამშრომლოთ? არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში “ქართული ოცნების” არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუნდაც, ის უპირატესობა ვერ აიღოს, რომელიც 50%-ს საჭიროებს. საქართველოში არსებულ სიტუაციაში თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები