გია ვოლსკი: ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება და ხისტი განცხადება
პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა.
„ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩს დაელაპარაკონ ამ საკითხებზე, აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება და ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან და რა წარმოშობისაა ის მასალები, რომლებსაც ასე ძალუმად აფრიალებდნენ ჩვენი ოპონენტები მედიასაშუალებებში. ეს რეალობა დამატებით შეკითხვებს წარმოშობს და შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით. საზოგადოება დაცულად უნდა გრძნობდეს თავს როგორც ფარული მოსმენებისგან, ასევე, ნებისმიერი სხვა მოქმედებისგან, რომლისგანაც ჩვენ ჩვენი უშიშროების სამსახური გვაზღვევს, ეს გარე გამოწვევებია თუ შიდაგამოწვევები. ჩვენი სპეციალური სამსახურების დისკრედიტაცია არასწორია, რასაც ძალუმად ეწევიან ჩვენი ოპონენტები. ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც უნდა ეჭიროს ხელში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.