ანდრია გვიდიანი: პანდემიით მიყენებული ზარალის ფონზე, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ეკონომიკის აღდგენის საკმაოდ სწრაფ ტემპზე მიანიშნებს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 30.7 პროცენტით გაიზარდა და 1,662.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ამასთან, მხოლოდ ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 285.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდის ტენდენციასთან დაკავშირებით, ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ექსპორტის ზრდა ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე მიუთითებს.
“ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის მქონე ქვეყნისთვის ექსპორტის წახალისების პოლიტიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ექსპორტის ზრდას განსაკუთრებული როლი აქვს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით არის გამოხატული. რაც შეეხება უშუალოდ ივლისის მონაცემებს, უნდა ითქვას, რომ, სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, ექსპორტის ზრდაც საკმაოდ თვალსაჩინოა. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ კონკრეტულად ივლისის მონაცემები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 48.5 პროცენტით არის გაზრდილი, ასევე 52.4%-იანი ზრდა ფიქსირდება 2019 წლის, ანუ პანდემიამდე ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. უშუალოდ ეს გარემოება მიუთითებს, რომ ეკონომიკის აღდგენა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ტემპის შენარჩუნება, რათა სწრაფად შევძლოთ პანდემიით მიყენებული ზარალის აღდგენა”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.