გია ვოლსკი: სააკაშვილი უკვე მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოპოზიციურ სპექტრს
“მიხელ სააკაშვილი თანმიმდევრულად, უკვე მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციურ მოძრაობას, ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას.
მისივე თქმით, სააკაშვილი დესტრუქციის სიმბოლოა.
„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც რევოლუციური სცენარის განვითარებას მუდმივად ცდილობს. რეალურად, მიხეილ სააკაშვილი არის დესტრუქციის სიმბოლო, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ჩრდილს აყენებს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებიც დაქვემდებარებული არიან „ნაცმოძრაობის“ დიქტატს. როცა მათი ლიდერები სხვა ლიდერებს აბუჩად აგდებით და დამამცირებელი ტერმინებით ესაუბრებიან, ეს არის მცირე ინდიკატორი იმისა, თუ ვინ განაპირობებს დესტრუქციულ პროცესებს. არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხებთან მიმართებით თანმიმდევრულობა არ აქვს სააკაშვილს, იგი თანმიმდევრულად, უკვე მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციურ მოძრაობას. ძალიან ძნელია გარე შემფასებლად დავაყენო თავი, მაგრამ თუ პოლიტიკური პლატფორმიდან არ ვიტყვი, ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს, ინტელექტს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს მათ შორის, „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.