სააგენტო „რესი“ ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც „ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების პროვოცირებას ახდენს“.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავლენ, „სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევისთვის“ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისჯებიან.
„13 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, მათ, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, შესთავაზა დაუბრკოლებლად დატოვონ რესპუბლიკის ტერიტორია, ასევე მათთვის გააუქმეს ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინი. საქართველოში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების გადაბირება წარმოადგენს უხეშ პროვოკაციას, რომელიც რესპუბლიკის მცხოვრებთა უსაფრთხოებას ემუქრება“, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს მიმართავს, ყურადღება მიაქციონ, რომ „ვიდრე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენენ, დაფიქრდნენ შესაძლო შედეგებზე, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევისთვის, ასევე ახლობლების ჯანმრთელობაზე“.