თამარ ტალიაშვილი: იუნკერთა ხსოვნის დღეს, 100 წლის თავზე კვლავ ჩრდილოელ მტერთან ალიანსში მყოფი ძალები ქვეყნის შიგნიდან არევის, დესტაბილიზაციის განზრახვებს აჰყვნენ
“დღეს, იუნკერთა ხსოვნის დღეს 100 წლის თავზე კვლავ ჩრდილოელ მტერთან ალიანსში მყოფი ძალები ქვეყნის შიგნიდან არევის, დესტაბილიზაციის განზრახვებს აჰყვნენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ასეთი ბრძოლები ბევრი იყო და დღესაც ერთად უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი გონიერებითა და შემართებით გარე მტერს.
“დღეს, იუნკერთა ხსოვნის დღეს 100 წლის თავზე კვლავ ჩრდილოელ მტერთან ალიანსში მყოფი ძალები ქვეყნის შიგნიდან არევის, დესტაბილიზაციის განზრახვებს აჰყვნენ და რეაქციული ულტიმატუმის გზით რადიკალურ პროვოკაციაზე მიდიან. მსოფლიო კრიზისის ფონზე, რომელსაც თავისი სიმძიმით მესამე მსოფლიო ომის შედეგებს ადარებენ, ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მტკივნეულია.
ჩემი წინაპარი, სასულიერო აკადემიის სტუდენტი – გრიგოლ ტალიაშვილი – სოლომონ დოდაშვილის უმცროსი მეგობარი და მასთან ერთად 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ახალგაზრდა შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
ასეთი ბრძოლები ბევრი იყო და დღესაც ერთად უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი გონიერებითა და შემართებით გარე მტერს. საუკუნეები გამოცდილებას ხომ გვმატებს…
ტყუილად არ უბრძოლიათ გმირებს, ერთად ვაშენოთ ქვეყანა მათი ხსოვნის სადიდებლად და მომავლის საკეთილდღეოდ”, – წერს ტალიაშვილი.