მთიან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდა.
შესაბამისი შეთანხმება ვაშინგტონში იქნა მიღწეული, სადაც ორი დღის წინ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანლები ჩავიდნენ და, თავდაპირველად, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან გამართეს შეხვედრები.
ამის შემდეგ ზოგრაბ მნაცაკიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა შეხვედრა პომპეოს მოადგილესთან, სტივენ ბიგანთან გამართეს, რომლის შედეგად, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ზავის შესახებ განაცხადეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ ხელს უწყობს ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტამდე მიიყვანონ.
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კვლავ შეხვდებიან ჟენევაში და განიხილავენ შეთანხმებას.
შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობას ადვილად მიაღწევს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ ჰემფშირის შტატში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობიან დარეგულირებაზე მუშაობს.
„შეხედეთ სომხებს, შესანიშნავი ხალხია. ისინი ჯოჯოხეთის მსგავსად იბრძვიან. იცით, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გამოვასწოროთ პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ. ეს ასე იქნება, მე ამას ,,მარტივს,, ვუწოდებდი. დაბრუნდით და უთხარით თქვენს ხალხს, რომ ჩვენ ამას გამოვასწორებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.