აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დოქტორანტთა მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, დოქტორანტთა ყოველწლიური მესამე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კონფერენციის მიზანია ისეთი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებენ სხვადასხვა დარგში უახლესი კვლევების წარმოდგენასა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობის ხელშეწყობას.
“კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 10-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-ზე მეტმა დოქტორანტმა, ხოლო კონფერენციის აკადემიური კომიტეტის წევრები და მოწვეული მომხსენებლები არიან გამოცდილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ გამოიცა კონფერენციის კრებული ქართველი და უცხოელი გამოცდილი მკვლევრების რედაქტორობით.
კონფერენციას სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ქართველი და უცხოელი სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
კონფერენცია ორ პარალელურ სექციად წარიმართა და მოიცავდა სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებებს”, – წერია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




