გალის რაიონის მცხოვრებმა, ნიკა ბებუამ 30 სექტემბერს, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთი 1992-1993 წლის ომში ე.წ.გამარჯვების დღეს აღნიშნავდა, აფხაზური ე.წ.დროშა დაწვა.
მომხდარის გამო ნიკა ბებუა ე.წ.სამართალდამცველებმა დააკავეს.
როგორც მან განაცხადა, დროშას არაფერს ერჩის, უბრალოდ, არ სურს, აფხაზები და ქართველები ერთმანეთს ემტერებოდნენ და უნდა, რომ, როგორც ადრე, ერთმანეთისთვის ძმები იყვნენ.
“გააზრებულად გავაკეთე, რომ ვიყოთ ერთად. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო დროშის მიმართ, არც აფხაზების მიმართ. პირიქით, მინდა, როგორც ადრე, ძმები ვიყოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. ყველას ბოდიშს ვუხდი, ვინც ამის გამო განაწყენდა. მინდა, ყველა ვიყოთ ძმები. არ მინდა, აღვნიშნავდეთ იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ძმობა აღარ გვაქვს”, – ამბობს ნიკა ბებუა.
ნიკა ბებუას დაკავებასთან დაკავშირებით “კვირა” სუს-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს დროში გაავრცელებენ.