სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები, 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სხვილოს ციხის მახლობლად დაჭრეს და ჯერ ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინე ზონაში, შემდეგ კი ე.წ. იზოლატორში გადაიყვანეს. “წითელმა ჯვარმა” რამდენჯერმე ითხოვა დაჭრილი ზაზას მონახულების უფლება, თუმცა მარიონეტულმა რეჟიმმა ორგანიზაციას თხოვნაზე უარი უთხრა. არა და, ყველასთვის ცნობილია, რომ ყველაზე ცივსისხლიანი რეჟიმებიც კი არ ეუბნებიან ხოლმე პოლიტიკურად ამ ნეიტრალურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციას უარს!
3 ივლისს მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, “წითელ წიგნში” შეტანილი სახეობების მოპოვებაც დააბრალეს და წინასწარი „პატიმრობა“ შეუფარდეს.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გავრცელებულ განცხადებებში საქართველოს მოქალაქეების საქმეებში რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევებზე გააკეთა აქცენტი. განსაკუთრებით საინტერესოა ის მუხლი, რომელიც რუსეთის საზღვრის დარღვევას გულისხმობს. რა საინტერესოა, არა? ვითომ დამოუკიდებელი ქვეყანა რატომ ხელმძღვანლობს სხვა ქვეყნის სამართლებრივი დოკუმენტებით? რატომ ასამართლებს ადამიანებს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ რუსეთის საზღვრის დარღვევისთვის?
ამ რიტორიკულ კითხვებზე პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ არასდროს არსებობდა არანაირი ეთნიკური დაპირისპირება, არანაირი თვითგამორკვევის სურვილი, ყოველთვის არსებობდა რუსეთი, მტრულად განწყობილი სახელმწიფო, რომელმაც ტერიტორიები წაგვართვა და საკუთარ „უკანა ეზოდ“ გადააქცია საქართველოს რეგიონები. რაც მთავარია, პუტინი მადას არ უჩივის, 2008 წლის შემოჭრით რისი წაღებაც მოახერხა, იმას კიდევ „ბორდერიზაციით“ მიტაცებულ სოფლებს უმატებს, უკანონოდ შემოღობა საქართველოს მიწები და ახლა იქ თავისი ფედერალური სამსახურის ოფიცრებს ათარეშებს.
შემთხვევითი არ არის, რომ 2009 წლიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ეფ-ეს-ბე-ს ბაზები ააშენეს და იქ რუსი ოფიცრები ოჯახებით ჩაასახლეს. „დიდმა ჩრდილოელმა ძმამ“ ყველაფერი გათვალა, ოსებს ან აფხაზებს არ ენდო და ცივსისხლიანი რუსები გამოუშვა აქედან ქართველების და იქედან – თავად ოკუპირებული რეგიონების წინააღმდეგ. ოსებს, აფხაზებსა და ქართველებს შორის დგანან რუსი ოფიცრები, ესვრიან და იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს.
2016 წელს საქართველოს მოქალაქემ, გიგა ოთხოზორიამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ე.წ. გამშვებ პუნქტთან ნაცნობები მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე ახლობლის დაკრძალვისთვის პროდუქტი უნდა გადაეტანათ. რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენელს, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლის რაღაც არ მოეწონა, გიგასთან საუბარი შელაპარაკებაში გადაიზარდა. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ოთხოზორია საქართველოს კონტროლებადი ტერიტორიისკენ გაემართა. მას, მუქარით, უკან დაედევნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. რაშიდ კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას დაეწია და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ოთხოზორია დაეცა, კანჯი-ოღლიმ კი წაქცეულ გიგას კიდევ ერთხელ ესროლა, ამჯერად – თავში, შემდეგ კი საქართველოს კონტროლებადი ტერიტორია დატოვა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა. გიგა ოთხოზორია, რომელსაც უბრალოდ ახლობლის დაკრძალვაში ნათესავების დახმარება სურდა, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
2018 წელს ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლეს. თითქმის ერთ თვეს ელოდებოდა საქართველოს ხელისუფლება მოკლული მოქალაქის ცხედრის გადმოსვენებას. 26 დღეში არჩილი ოჯახს დაუბრუნეს. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა. არჩილი ყოფილი სამხედრო იყო, 2008 წელს ის ერაყში მსახურობდა, მას რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, საოკუპაციო ძალებმა ეს არ დაიჯერეს და ასე სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლე. არჩილის ახლობელი ოკუპირებული რეგიონიდან ჰყვება, რომ ყოფილ სამხედროს საქართველოს დროშაზე ფეხის დაბიჯებას სთხოვდნენ, რაც მან არ გააკეთა.
2019 წლის 10 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქე – ირაკლი კვარაცხელია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირაკლიმ თავი ჩამოიხრჩო. ე.წ. სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფის ოთახში მარტო არავის ტოვებენ, ამიტომაც, ძალიან დაუჯერებელია, რომ კვარაცხელიას ასეთი შესაძლებლობა მიეცა. ნებისმიერ შემთხვევაში, ე.წ. მესაზღვრეების ხელში რომ არ ჩავარდნილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა.
2019 წლის 9 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა პაციენტის დასახმარებლად წასული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დააკავეს. გაფრინდაშვილი ახალგორელი მოხუცი ქალის გადასარჩენად გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ოკუპანტები თბილისში სამკურნალოდ არ უშვებდნენ. ექიმი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. ვაჟა ექიმის გარშემო მაშინ მთელი მსოფლიო გაერთიანდა, საინტერესოა, რომ ომის კანონებიც კი კრძალავს ექიმის დაკავებას.
რუსეთი „ბორდერიზაციით“, ბაზებითა და ე.წ. საზღვის დამცველი ოფიცრებით ყოველდღიურად არღვევს თავისუფალი გადაადგილების უფლებას, უკანონოდ უზღუდავს თავისუფლებას რიგით მოქალაქეებს და ხშირად მათ სიცოცხლესაც ხელყოფს. რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს და კლავს. პუტინის რეჟიმისთვის არ არსებობს არანაირი ფასეულობა, მთავარია – მიზანს მიაღწიოს. და სწორედ ეს არის თანამედროვე რუსული იმპერიის ნამდვილი სახე.
მიხეილ ტყებუჩავა