აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობს.
როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აფხაზეთში ეპიდსიტუაციაც უკიდურესად გაუარესდა.
„აფხაზეთში ძალინ მძიმე ვითარებაა შექმნილი. ჯერ ერთი, ეპიდსიტუაცია უკიდურესად გაუარესდა. გუშინ 29 დაინფიცირებული ჰყავდათ. უკვე კეთდება განცხადებები, მოწოდებები, რომ დაუბრუნდნენ კარანტინის დროს არსებულ ვითარებას.
ამ სიტუაციას უფრო ამძიმებს ის სოციალური ფონი, რომელიც იქ არის. რუსეთიდან ძალიან მკაფიოდ შეახსენეს, რომ მათ აქვთ ვადლებულება, რომელიც უნდა შეასრულონ. ეს რას გულისხმობს: რუსეთის მოქალაქეებს უნდა მიენიჭოთ აფხაზეთის მოქალაქეობა. ამ ე.წ. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უძრავი ქონების, ანუ ჩვენი დევნილების მიერ იქ დატოვებული, ჯერ არგანაწილებული ქონების შესყიდვის უფლება. აფხაზები ბრიყვები არ არიან. მათ იციან, რომ ამ ყველაფრით ბოლო მოეღება აფხაზეთს. ამიტომ, ისინი ამას ყველანაირად აჭიანურებენ. სამაგიეროდ, რუსეთი უარს ეუბნება იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებიც აღებული აქვს. თუ რუსეთმა არ შეასრულა თავის ფინანსური ვალდებულება, კატასტროფა იქნება. რუსეთი ასეთ ფინანსურ ზეწოლას ახდენს. მათ საკუთარი შემოსავლები ძალიან დაბალი აქვთ. პენსიები, ხელფასები ვერ გაიცემა დროულად. ტურისტები კი ჩავიდნენ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.
მისივე თქმით, კიდევ უფრო რთული ვითარება გალის რაიონშია.
„გალის რაიონი წლების განმავლობაში ისედაც ძალიან რთულ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იქ ჰუმანიტარულ კატასტროფასთან გვაქვს საქმე. მე ამის შესახებ წინა ბრიფინგზეც ვისაუბრე: დღეს გალის მოსახლეობის გადასარჩენად რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ რუხში მოეწყოს შემწეობების, თანხების გაცემა, ასევე, პუნქტი, სადაც აუცილებელი პროდუქტების ყიდვას შეძლებენ”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
თამუნა შეყილაძე