ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 250 -ს გადააჭარბა.
დაავადებულთა რაოდენობამ განსაკუთებით აგვისტოში მოიმატა. როგორც ოკუპირებული სოხუმის “ადმინისტრაციაში”
“ჯანდაცვის საკითხების” კურატორი ირმა ვოუბა აცხადებს, ინფიცირების წყაროს დადგენა და მოძიება უკვე შუძლებელია და ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი დაავადებულთა მკურნალობაზე იქნება გადატანილი.
ადგილობრივების თქმით, ვითარება მას შემდეგ გართულდა რაც „ხელისუფლებამ“ 1 აგვისტოს რუსეთთან საზღვარი გახსნა.
ზღვაზე დასვენების მსურველ რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში ჩასვლა უკვე ყოველგვარი შეზღუდვის, კარანტინის და შემოწმების გარეშე შეუძლიათ.
შექმნილ სიტუაციაში პანდემიასთან ბრძოლის „ორიგინალურ“ მეთოდს მიაგნო სეპარატისების ე.წ. განათლების და ენობრივი პოლიტიკის მინისტრმა ინალ გაბლიამ. მისი ბრძანებით, ახალი სასწავლო წლიდან ეთნიკურად აფხაზ ბავშვებს მხოლოდ აფხაზურ სკოლებში უნდა ევლოთ. როგორც გაბლიამ განმარტა, რუსულენოვანი სკოლები აფხაზეთში გადატვირთულია, შესაბამისად იქ დაავადების რისკი მაღალია და უმჯობესი იქნება თუ მოსწავლეების გარკვეული ნაწილი სხვა სკოლებში გადანაწილდება. მოგვიანებით, გაბლიას ეს ნოუ-ჰაუ ე.წ. პრემიერ მინისტმა ალექსანდრე ანქვაბმა გააუქმა და მას არაკონსტიტუციური უწოდა.
რეალურად რა გახდა ანქვაბის ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც გაირკვა, გაბლიას ბრძანებას აღსრულება მაინც არ ეწერა. აღმოჩნდა,რომ აფხაზური სკოლები ძალიან ცოტაა და არც აფხაზურის მცოდნე მასწავლებლების რაოდენობაა საკმარისი.
რაც შეეხება ტურიზმს, როგორც ირკვევა, ტურიზმის აფხაზურ ინდუსტრიას ვერც საზღვრის გახსნამ უშველა. ანქვაბის ინფორმაციით, ბოლო ექვს თვეში ტურისტული მომსახურების სფერო 8-ჯერ, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 10 ჯერ შემცირდა.