ასლან ბჟანიამ თბილისთან ნდობის აღდგენისა და კონსტრუქციული ურთიერთქმედების პირობა დაასახელა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, თბილისი კვლავინდებურად უარს აცხადებს “ძალის გამოუყენებლობის შესახებ” დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომლის გარეშე ნდობისა და კონსტრუქციული “სახელმწიფოთაშორისი ურთიერთქმედების” აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია.

ამის შესახებ ბჟანიამ “იზვესტიას” განუცხადა.

მისი თქმით, დღესდღეისობით თბილისთან ურთიერთობაში დადებით ცვლილება არ შეინიშნება.

“აფხაზეთსა და საქართველოს ურთიერთობაში საკვანძო საკითხია  ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. თუმცა, თბილისი ამგვარი სამართლებრივი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებს”, – განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა ნამდვილად არის დაინტერესებული მშვიდობიან თანაცხოვრებაში, მან მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

“ქმედებით და არა ისეთი დეკლარაციების მიღებით, რომელთა მიზანია, აფხაზეთი და მისი ხალხი დაარწმუნონ, რომ პოლიტიკური უთანხმოების მოგვარება ძალისმიერი მეთოდით კატეგორიულად გამორიცხულია. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ საუბარს ნდობისა და კონსტრუქციულ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთქმედების აღდგენაზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აღიაროს ბოლო ათწლეულების რეალობა, რომლის საკვანძო მომენტია, რომ აფხაზეთი  დამოუკიდებელი სახელმწიფოა. და აქ შეუძლებელია, იყოს აღქმის სხვადასხვაობა. ამასთანავე, ყველას მშვიდობა სჭირდება. ამაში აფხაზეთისა და საქართველოს მოსახლეობაა დაინტერესებული. მხოლოდ ასეთ პრინციპებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი ჩვენი სამომავლო დიალოგი, ურთიერთქმედება და ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივები, რისგანაც მგონია, რომ ორივე მხარე დარჩება მოგებული”, – განმარტა ასლან ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები