უკრაინის საგარეო უწყება: მოქალაქეების გატაცება, მათი უფლებების შეზღუდვა, უკიდურესად რთული ჰუმანიტარული ვითარება – არის ის “მიღწევები”, რაც რუსეთის 12-წლიან ოკუპაციას მოჰყვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს ეხმიანება და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მათი უფლებების შეზღუდვა, ტერიტორიებზე არსებული უკიდურესად რთული ჰუმანიტარული ვითარება – არის ის “მიღწევები”, რაც რუსეთის 12-წლიან ოკუპაციას მოჰყვა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას ისევე, როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე „ბორდერიზაცია“, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების სისტემური დაკავება და გატაცება, მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, უკიდურესად რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება – აი, ეს არის რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 12-წლიანი ოკუპაციის ძირითადი „მიღწევები.

უკრაინა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე, დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, გაიყვანოს რუსი სამხედროები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო უფლებადამცველი და მონიტორინგის ორგანიზაციების დაუბრკოლებელი წვდომა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს ზეწოლა და გაამკაცროს სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს აგრესია საქრთველოსა და ასევე უკრაინის წინააღმდეგ და სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია განახორციელოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები