ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ.საზღვარი დღეიდან გაიხსნება

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი, დღეიდან გაიხსნება.

ამის შესახებ რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ “გადაწყვეტილება “როსპოტრებნადზორისა” და ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ვითარების სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური შეფასების შემდეგ იქნა მიღებული”.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას უკანასკნელი ე.წ.ბრძანებით, ე.წ.საზღვრის გახსნა 4 აგვისტომდე იქნა გადატანილი, თუმცა ამან ე.წ.რესპუბლიკაში მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, გაგრაში საპროტესტო აქციაც გაიმართა. ბჟანიას ხალხისადმი მიმართვის გაკეთებაც მოუწია, რომელშიც ის “თანამემამულეებს მოთმინებას” სთხოვდა.

თუმცა, გუშინ ბჟანია ე.წ.სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. მის პრესსამსახურს ე.წ ვიზიტის მიზნებზე არაფერი უთქვამს, არც ის არის ცნობილი ვისთან აპირებს დე ფაქტო ლიდერი შეხვედრას.

1-ლი აგვისტოს მონაცემით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 დადასტურებული შემთხვევაა, კლინიკებიდან 37 ადამიანია გაწერილი, 3 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები