გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვერ შევცვლით ვერც კადიროვის და ვერც გაბუნიას რიტორიკას

“კადიროვის გამონათქვამები  აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკურია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო.

„სახელმწიფომ თავისი მოქალაქე უნდა დაიცვას და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს დანაშაულებების იმ გრძელ სიაში თავისი პოზიციისა, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა, თუნდაც, კადიროვის გამონათქვამები – აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკურია. ეს თემა არ არის მარტივი და უბრალო. ჩვენ ვერ შევცვლით ვერც კადიროვის და ვერც გაბუნიას რიტორიკას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ, ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს, გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები