დისტანციური საუბრები მუსიკაზე – ნიკო სულხანიშვილი
18 მაისს, 18:00 საათზე, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ორგანიზებით, საუბრები მუსიკაზე გაიმართება.
საუბარს ნიკო სულხანიშვილის შესახებ გაუძღვება თელავის საუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების მოსწავლე კესარია დვალი.
ნიკო სულხანიშვილი – ქართველი კომპოზიტორი, ლოტბარი და მომღერალი დაიბადა 1871 წელს სოფელ აწყურში, ახმეტის რაიონი.
პირველადი მუსიკალური განმათლება თელავის სასულიერო სემინარიაში მიიღო 1878 წელს; 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; მოგვიანებით სიმღერა შეისწავლა ცნობილ პედაგოგთან (დ. უსატოვთან), 1902 წელს თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, ამავე დროს კერძო გაკვეთილებს იღებდა კომპოზიციაში.
ერთხანს მუშაობდა თელავის სასულიერო სემინარიაში სიმღერის მასწავლებლად, შემდეგ. კვლავ თბილისშია, იქვე შეადგინა ქართული გალობის მოყვარულთა გუნდი;
ნიჭიერი მუსიკოსის შემოქმედებითი ცდები დაიწყო 80-იან წლებში.1886 წლით თარიღდება პირველი საკომპოზიციო ცდები. ამ პერიოდში შექმნა ცნობილი სიმღერა: „ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად“.
მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას და ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები შექმნა. ზ. ფალიაშვილთან ერთად გზა გაუკაფა ქართული საბჭოთა საგუნდო ხელოვნების განვითარებას; 1892 წელს მუშაობდა ოპერაზე „პატარა კახი“ (ა. წერეთლის მიხედვით, შემორჩენილია ორი ნაწყვეტი – მწყემსის არია „დაიგვიანეს“ და პატარა კახის არია „ძლივს მარტო დავრჩი“).
მისი საგუნდო ნაწარმოებები ერთ-ერთი პირველი კლასიკური ნიმუშებია ქართული მუსიკის ამ ჟანრში. მისი ყველა გუნდი თანხლების გარეშე (ა კაპელა) სრულდება, ძირითადად ოთხხმიანი და შერეული; საუკეთესო გუნდებია: „გუთნური” (ი. ჭავჭავაძის ლექსზე „გუთნის დედა”), „სამშობლო ხევსურისა” (რ. ერისთავის ლექსზე), „მესტვირული” (ა. წერეთლის ლექსზე „ჩონგურს სიმები გავუბი”), „მაშ გამარჯვება” (ს. ფაშალიშვილის ლექსზე).
აღსანიშნავია, რომ ქართულ მუსიკაში პირველმა მიმართა შოთა რუსთაველის პოეზიას: საგუნდო „ღმერთო, ღმერთო” (ავთანდილის ლოცვის ტექსტზე), რომანსი – „მო, ზუალო”;
დღესაც პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს კომპოზიტორის მთელი რიგი ნაწარმოებები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.