არჩილ თალაკვაძე: კონკრეტული გადაწყვეტილებები რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, მიღებული არაა
“ჩვენი პოზიცია აქამდე, დღესაც და მომავალშიც იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე – არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ არა.
„ჩვენ პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით შემდეგზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას. ჩვენი პოზიცია აქამდე, დღესაც და მომავალშიც იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ის არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური კალენდრის ნაწილი და არ შეიძლება, მასზე იყოს დამოკიდებული. სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება ამ მიმართულებით დოკუმენტში არ არის მოცემული და თქვენ შეგიძლიათ, გაეცნოთ ამ შეთანხმების კონკრეტულ ტექსტს. შესაბამისად, კითხვაზე – არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული გუშინ, ან შეთანხმებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ – არა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.