კელი დეგნანი: კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველო აეროპორტებში კონტროლის მასშტაბებით, ნამდვილად გამოირჩეოდა
“კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ძალიან პროაქტიული ზომები აქვს გატარებული, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ასეთი მცირეა”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
კელი დეგნანის თქმით, მას რამდენიმე ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა და საქართველო აეროპორტში კონტროლის მასშტაბებით ნამდვილად გამოირჩეოდა.
“კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ძალიან პროაქტიული ზომები აქვს გატარებული, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ასეთი მცირეა. მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო სამაგალითოა რეგიონში. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ვაშინგტონიდან, გამოვიარე არაერთი აეროპორტი და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აეროპორტი ამ კუთხით ყველაზე მეტადაა მობილიზებული. პერსონალი სრულიად აღჭურვილია შესაბამისი დამცავი საშუალებებით. შემოსვლისთანავე უზომავდნენ ტემპერატურას მგზავრებს, იყვნენ ძალიან ორგანიზებულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს მსოფლიო ჯანდაცვა დგას კრიზისის წინაშე და ამ გამოწვევის საპასუხოდ ყველა უნდა გავერთიანდეთ. მინდა, ასევე, ხაზი გავუსვა, რომ ქართველები ძალიან პასუხისმგებლიანები აღმოჩნდნენ, იცავენ თვითიზოლაციის წესებს და თუ თავს ცუდად გრძნობენ, ამის შესახებ შესაბამის უწყებებს ატყობინებენ. ვთლი, რომ ამ საკითხში მოსახლეობა ძალიან კარგად გყავთ ინფორმირებული. აღნიშნული კი რეგიონს დაეხმარება ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას”, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
ჯანდაცვის მინისტრმა ელჩს შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმართული ღონისძიებები დეტალურად გააცნო და ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.