“საქნახშირი” – მიუღებელია მეშახტეთა პროტესტი იმ ფონზე, როდესაც კომპანიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება მათ ინტერესებს ემსახურება
ტყიბულში, მეშახტეთა პროტესტთან დაკავშირებით სს “საქნახშირი” განცხადებას ავრცელებს.
როგორც “საქნახშირის” განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია მეშახტეთა მოთხოვნის შესაბამისად, არაერთ დათმობაზე წავიდა. ძიძიგურის შახტის შესასვლელი, დროებით, სწორედ მეშახტეების ინტერესების გათვალისწინებით ჩაიკეტა.
“სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ქალაქ ტყიბულში კვლავ გრძელდება მეშახტეთა სრულიად უმიზეზო პროტესტი, რაც გამოიწვია ძიძიგურის შახტის შესასვლელის დროებით დახურვამ. ამის თაობაზე მედიაშიც არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, გვსურს გავაკეთოთ ვრცელი განმარტება, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმაციის გავრცელება.
მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ ძიძიგურის შახტის ჩასასვლელის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, არის მეშახტეთა სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კომპანიის უდიდესი პასუხისმგებლობა დასაქმებულთა წინაშე. კერძოდ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, ძიძიგურის შახტის ამწე-დანადგარზე ბაგირებს ექსპლუატაციის ვადა აქვს ამოწურული და საჭიროებს ცვლილებას.
დასკვნის შესაბამისად, კომპანიამ ბაგირის გამოცვლის პროცედურა უნდა დაიწყოს, რაც რამდენიმე კვირას გაგრძელდება და დასრულებისთანავე შახტის ჩასასვლელი გაიხსნება. მეშახტეებს არაერთხელ განემარტათ, რომ კომპანიის ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით ხდება.
ამასთან, კომპანია მეშახტეთა მოთხოვნის შესაბამისად, არაერთ დათმობაზე წავიდა. კერძოდ, ჩვენ მათ შევთავაზეთ მინდელის შახტამდე უფასო ტრანსპორტირება, ასევე ვაცხადებთ თანხმობას, რომ ძიძიგურის შახტში ბაგირების გამოცვლის პროცესი სრულად გააკონტროლონ და მიეცათ გარანტია, რომ პროცესის დასრულებისთანავე შახტის ჩასასვლელი გაიხსნება.
მათი მოთხოვნის შესაბამისად, ასევე მიეცათ საშუალება, რომ ტაბელირება სწორედ ძიძიგურის შახტში გაიარონ და ამის შემდეგ სამუშაოდ მინდელის შახტში გადაინაცვლონ.
კომპანიამ თითოეულ მეშახტეს მყარი გარანტია მისცა, რომ არ იგეგმება არცერთი ადამიანის შემცირება, არ იგეგმება ხელფასის კორექტირება და ჩვენი გეგმები მხოლოდ და მხოლოდ მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება.
მიუხედავად ამისა, გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის მენეჯმენტის გარდა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა, მეშახტეებმა წამოაყენეს მოთხოვნა, რომ ისინი ბაგირების გამოცვლის პროცესში არ იმუშავებენ, თუმცა ითხოვენ ანაზღაურებას და სამუშაო პროცესს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდებიან, როდესაც ძიძიგურის შახტის სარემონტო სამუშაოები დასრულდება.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს პირობა კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, მიუღებელია პროტესტი იმ ფონზე, როდესაც კომპანიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურება მეშახტეთა ინტერესებს, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებას.
მზად ვართ, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ, სამუშაო რეჟიმში გავაგრძელოთ და იმედი გვაქვს, რომ პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაიჭრება,”- ნათქვამია “საქნახშირის” განცხადებაში.
ამასთან, განცხადებას თან ვურთავთ სს „საქნახშირის“ ბრძანებიდან ამონარიდს, სადაც მოცემულია მეშახტეების სამუშაო ადგილზე გამოცხადებისა და აღრიცხვის შესახებ დროებითი წესი.