ლონდა თოლორაია: “მწვანე სკოლის” მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას ჰქონდა ადგილი
სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, დადგინდა, რომ „მწვანე სკოლის” მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხელმეორედ დაიკითხა გარდაცვლილი მოზარდის დედა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება.
„მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება.
გამოძიების დასრულებისთანავე უფრო მეტ დეტალს გეტყვით.
რაც შეეხება „მწვანე სკოლის” მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, შევისწავლეთ ეს საკითხი და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას,”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ლუკა სირაძემ თავისი ყოფილი სასწავლებლის, “მწვანე სკოლის” კედლებზე ‘უცენზურო” წარწერები გააკეთა.
მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას – ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.