ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

0

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 19 კანდიდატი იყო წარდგენილი.

დეპუტატებმა მხოლოდ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის, პიოტრ ტოლსტოის კანდიდატურა გააპროტესტეს. კერძოდ, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა, მარია მეზენცევამ ტოლსტოის კანდიდატურა სიძულვილის ენის გამოყენებისა და ანტისემიტური განცხადებების გამო გააკრიტიკა. ვიცე-პრეზიდენტობის დანარჩენ კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა არ გამართულა. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები წევრი სახელმწიფოების კვოტების მიხედვით ნაწილდება.

ტოლსტოის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით ასამბლეაში მოგვიანებით ფარული კენჭისყრა გაიმართება. დანარჩენი კანდიდატურები კი, დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, საქართველო 27 ნოემბრიდან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა.

კენჭისყრა სტრასბურგში, ევროსაბჭოს ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა. ხვალ კი, საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით საქარველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი