კარლო კოპალიანი: “ფეისბუქმა“ რეაგირება გააკეთა იმაზე, რა ინფორმაციაც მიიღო, ისეთი გვერდებია გაუქმებული, რომელთა 90% რეალურია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი “ფეისბუქის” ადმინისტრაციის მიერ ქართული გვერდების წაშლას გამოეხმაურა. კოპალიანის თქმით, “ფეისბუქმა“ რეაგირება გააკეთა იმაზე, რა ინფორმაციაც მიიღო და ისეთი გვერდებია გაუქმებული, რომელთა 90% რეალურია.

“დამისახელეთ რომელიმე ჯგუფი, რომელიც “ფეისბუქმა“ გააუქმა და რომელზეც დამტკიცდა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებდა. თუ მსგავსი რამ იყო, ვეთანხმები, რომ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს გაუქმება უნდა მოხდეს ორმხრივად. როდესაც პროდასავლურობაზე გაქვს პრეტენზია და უზარმაზარ ოპოზიციურ გაერთიანებას ქმნი, მაგ გაერთიანების წევრები მოსკოვში არ უნდა დარბოდნენ. აი, სად არის პროდასავლურობის ღალატი და ვინ არიან პრორუსები, აღარ ვლაპარაკობ მათ თავმჯდომარეზე, პოლკოვნიკ ვაშაძეზე. ამიტომ “ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ეს აქედან მიწოდებული ინფორმაცია იყო და ეს ერთ-ერთი ხერხია “ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად, მაგრამ ეს არ გამოუვათ. “ფეისბუქმა“ რეაგირება გააკეთა იმაზე, რა ინფორმაციაც მიიღო. ისეთი გვერდებია გაუქმებული, რომელთა 90% რეალურია“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

ცნობისთვის, სოციალურმა ქსელმა, “ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და “ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. “ფეისბუქის” ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გვერდები პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური პოსტების გავრცელებაში იყვნენ შემჩნეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები