15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო “მწვანე სკოლაში” სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდა

“მწვანე სკოლის” დირექტორი, კახა დავითური 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, სკოლაში გლოვის ნიშნად სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდა.

დავითურის თქმით, მნიშვნელოვანია საქმის მალე და ბოლომდე გამოძიება.

“ჩვენთვის ეს არის უმძიმესი დღეები, მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის. ახლა სწავლის განწყობა ნამდვილად არ გვაქვს, ალბათ, ამ კვირის ბოლომდე სწავლა შეწყვეტილია. მშობლებს მოვუწოდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე კითხვა ჰქონდა მოსულიყვნენ, ჩემი ინფორმაციით ჩვენთან არ მოსულან მშობლები, იმიტომ, რომ მშობლებს ეჭვი არ ეპარებათ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში. მე მინდა ეს საქმე ძალიან სწრაფად და ბოლომდე იქნეს გამოძიებული, იყოს ყველაფერი თქმული და იყოს ნათელი საზოგადოებისათვის რა მოხდა, რატომ მოხდა და ა.შ.”, – განაცხადა კახა დავითურმა.

“მწვანე სკოლასთან” მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად წარწერები დატოვეს: “ამ ცხოვრების დედაც!”.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები