რატი იონათამიშვილი: პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა იყოს მშვიდობიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ხელოვნება და სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია. როგორც მან ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა იყოს მშვიდობიანი.

„პროტესტის უფლება ყველას აქვს ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს კონკრეტული გადაწყვეტილების და კონკრეტული ხელოვნების პროდუქტის მიმართ. ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი ფორმის. ჩვენს ქვეყანაში ხელოვნება და სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია.​

​ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და აღკვეთილი იქნება. მუქარა ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ სტაბილურობა და უსაფრთხოება სამართალდამცველების მხრიდან, როგორც მივეჩვიეთ, ყოველთვის დაცულია. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.
ფილმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
შს სამინისტროს ცნობით კი, ფილმის ჩვენებისას უწყება უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები