აშენდება თუ არა საქართველოში გემთსაშენი – ნიდერლანდური „DAMEN“ საინვესტიციო შეთავაზებას გაეცნო

ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის „DAMEN“-ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „DAMEN-ის წარმომადგენლები გემთსაშენი საწარმოსთვის შერჩეულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატს შეათანხმებენ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა უკვე განიხილეს ქართული მხარის მიერ სპეციალურად კომპანია “DAMEN“-ისთვის მომზადებული საინვესტიციო შეთავაზება, რომელიც საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, დიდ ყურადღებას უთმობს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტულია გემთმშენებელი წარმოებისა და საზღვაო ხომალდების სარემონტო სერვისების შექმნა. „ჩვენ მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ ისეთ მსხვილ გემთმშენებელ კომპანიასთან, როგორიცაა “DAMEN“ და ერთად ავაღორძინოთ საქართველოს გემთმშენებლობა, რისი დიდი ტრადიციაც გაგვაჩნია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოში ასეთი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო პოტენციალის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად გარდაქმნის პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები