პაატა სალია: ნოდარ მელაძესა და მასთან ერთად გათავისუფლებულებს აქვთ ინტერესთა კონფლიქტი

“არ შეიძლება, ადამიანს, რომელიც არის დასაქმებული არხზე, სურდეს, შეიცვალოს მესაკუთრე და ამის მისაღწევად არ იშურებდეს ძალ-ღონეს”, – ამის შესახებ „რუსთავი2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.
პაატა სალიამ განმარტა, თუ რატომ აღარ ხდება ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება.
“გვესმის ყოვლად წარმოუდგენელი განცხადებები, რომ ჟურნალისტი, რომელიც არხზეა დასაქმებული, აპირებს რაღაცის გასაჩივრებას ან სხვასთან ერთად რაღაცას ასაჩივრებს, ან თავს მოიაზრებს იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც სარჩელები აქვს შეტანილი და ვინც ცდილობს, შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ ეს არის წმინდა ინტერესთა კონფლიქტი და არ შეიძლება, ადამიანს, რომელიც არის დასაქმებული არხზე, სურდეს, შეიცვალოს მესაკუთრე და ამის მისაღწევად არ იშურებდეს ძალ-ღონეს. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ასეთი ადამიანები ვერ იმუშავებენ არხზე და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. ის ადამიანები, რომლებიც ახლა შვებულებაში არიან, ან შვებულების პირობებში აკეთებენ, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო განცხადებას, რომ თურმე სხვა არხის დაფუძნებაში იღებენ მონაწილეობას, სხვა ტელეკომპანიის საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას, რაც პირდაპირ არის აკრძალული ჩვენი შრომითი ხელშეკრულებით“, – განაცხადა პაატა სალიამ.
მისი თქმით, ნოდარ მელაძესა და მასთან ერთად გათავისუფლებულ ადამიანებს აქვთ ინტერესთა კონფლიქტი.
“ნოდარ მელაძესა და მასთან ერთად გათავისუფლებულ ადამიანებს აქვთ ინტერესთა კონფლიქტი. ჩვენი შეფასებით, დადებულია თვალთმაქცური გარიგებები სარეკლამო კომპანიასთან „ინტერმედია პლუსთან“​, საიდანაც ის მოგება, რომელიც უნდა მიეღო „რუსთავი 2-ს“, მოხვდა სხვა კომპანიაში. აღნიშნული კომპანიიდან ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გატანილ იქნა ეს ფული, როგორც დივიდენდი და შემდეგ დარიგებული იქნა კონკრეტულ პირებზე, არ ვიცი, საჩუქრის თუ რა სახით, რის შედეგადაც შეძენილია გარკვეული უძრავი ქონება. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც არხზე მომუშავე ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ბრძოლის რეჟიმში არიან ჩვენთან, ანუ მესაკუთრესა და მენეჯმენტთან და ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც, ჩვენი აზრით, დავალებული არიან სხვისგან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან არხის ერთგული. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გუნდი იყოს ერთიანი, ეს გუნდი იყოს ძლიერი და კრიტიკული”, – განაცხადა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები