მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9-ის“ გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, მიდის მოლაპარაკებები სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზეც.
„ვულოცავ ყველას – ჰოლივუდი უკვე აწარმოებს საქართველოში!
ბევრი აზრი გაჩნდა, მათ შორის რამდენიმე სკეპტიკური, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის:
პირველ რიგში, ეს არის ქვეყანაში დახარჯული 32 მილიონ ლარზე მეტი – ადგილობრივი სერვისების შეძენა, აღჭურვილობის დაქირავება, სასტუმროს ხარჯები, ხელფასები ადგილობრივად დასაქმებულებს, ტრანსპორტის დაქირავება, ბაზირება („ექსპო ჯორჯია“ აქვთ აღებული ხუთი კვირით);
მეორე, ეს არის ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობა ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის, ვიღებთ ქვეყნის Placement-ს მსოფლიო ბლოგბასტერში უფასოდ.
მესამე, ამ მასშტაბის ფილმის ქვეყანაში გადაღება ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს აუნთო მწვანე შუქი. ჩვენზე უკვე სხვა სტუდიები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა.
რაც შეეხება cash rebate-ს, ჩვენი პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ თანახმად, დახარჯული, კვალიფიციური თანხის 20-25 პროცენტი კინომწარმოებელ კომპანიას უბრუნდება უკან და რეალურად გადასახადის დაქვითვის ხარჯზე ხდება. ეს არის ძალიან კარგად აპრობირებული მექანიზმი და ბევრ ქვეყანაში უკვე იქცა კიდეც ეკონომიკის წამყვან ინდუსტრიად. აღარაფერს ვამბობ იმ უდიდეს გამოცდილებაზე, რასაც ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ აღნიშნული პროექტში მონაწილეობის შედეგად.
მიდის მოლაპარაკებები სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზე“, – წერს მიხეილ ხიდურელი „ფეისბუკში“.
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები თბილისში დღეიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები