გიგლა ბარამიძე “იმედის” ფილმზე: სიმართლე ერთია – არ არსებობს ნახევრად სიმართლე

0

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის” ეთერში გასულ ფილმს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ნახევრად სიმართლე -სიმართლე არ არის”

“ახლა ვეძებდი და ვერ ვნახე, ხელმეორედ მსურდა 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის” ეთერში გასული გახმაურებული ფილმის ხილვა. თურმე საიტიდან აუღიათ.

ბატონო ავტორებო, რამ შეგაშფოთათ? რამ დაგავიწყათ ჭეშმარიტების კლასიკა – სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!

ფილმი საავტოროა და რამდენიმე შეფასება, შესაძლოა, სადავო იყოს ან ვერ გაიზიარო, მაგრამ ისტორიულ დოკუმენტებად ქცეული რეალური ფაქტების გამომზეურებამ, დანაშაულის სამართლიანად მხილების უტყუარობამ რატომ უნდა დააეჭვოს ავტორები, ვერ გამიგია!

ჩვენ, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა”, ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოვუწოდებდით „ქართულ ოცნებას”, რომ სამართლიანობის აღდგენის ზოგადსაკაცობრიო იდეალები დამნაშავის, კერძოდ კი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის კანონიერ მხილებასა და დასჯაზე გადის! ერის გამთლიანება და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა სისხლიან რეჟიმთან თანაარსებობა – კოჰაბიტაციით შეუძლებელია!

გახსოვდეთ, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება და მორიელი ვერ გადაეჩვევა დაგესვლას, ისე “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ადეფტ-ლიდერები ჩადენილს არასოდეს აღიარებენ!

ვერ ხედავთ, რა თქვა ამას წინათ სააკაშვილმა, კობი-გუდაურის მშენებარე მაგისტრალი ახალი როკის გვირაბიაო? როცა თვითონ არის „როკის გვირაბი”, რადგან პერსონალურად მისმა მოღალატეობრივმა ქმედებებმა განსაზღვრა რუსის ჩექმის დაბრუნება საქართველოში. დღემუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ როკის გვირაბიდან შემოგრიალებული სამხედრო არმადა – მიწაზე შიშით მფორთხავი მთავარსარდლისა და პრეზიდენტის მიერ ქართული სახელმწიფოს, მისი ხალხის და ისტორიის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის პირდაპირი და თვალსაჩინო მტკიცებულებაა.

 ამიტომ, თუ ამბობ სიმართლეს, თქვი ბოლომდე!

სხვისი არ ვიცი, ჩვენ კი ამას შევძლებთ!“ – წერს გიგლა ბარამიძე.

კომენტარები

კომენტარი