არის თუ არა მეწამორის ატომური ელექტროსადგური საფრთხისშემცველი – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალი შეფასება

სომხეთში, მეწამორის ატომურ ელექსტროსადგურზე უსაფრთხოების დონე გაზრდილია.
ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ივნისში ჩატარებული მონიტორინგის წინასწარ შეფასებაშია ნათქვამი – წერს სომხური გაზეთი „აისტანი ანრაპეტუტუნი“.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია სომხეთში მთავრობის ინიციატივით ჩავიდა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სომხეთმა რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოახდინა.
სომხეთის ატომური უსაფრთხოების დარეგულირების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, აშოტ მარტიროსიანის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ბირთვული საფრთხის დონე განისაზღვრა 4-ბალიანი შკალიდან 3,82 ქულით. მისი თქმით, ორგანიზაციის საბოლოო შეფასება 3 თვეში გახდება ცნობილი.
მეწამორის ატომური ელექტროსადგური სომხეთის ქალაქ მეწამორთან მდებარეობს. ელექტროსადგური აშენდა 1970-იან წლებში და შედგება ორი ენერგობლოკისგან ВВЭР-440 ტიპის რეაქტორებით. ერთი ბლოკის სითბური წარმადობა შეადგენს 1375 მბტ-ს, ელექტრული კი — 440 მბტ-ს.
ელექტროსადგური აწარმოებს სომხეთის ელექტროენერგიის, დაახლოებით, 40%-ს. ამჟამად, მხოლოდ მეორე ბლოკი ფუნქციონირებს.
სადგურს 2003 წლიდან რუსული კომპანია ИНТЕР РАО ЕЭС, РАО ЕЭС-სა და როსენერგოატომის ერთობლივი შვილობილი საწარმო მართავს.
თუმცა, სომხეთმა ახალი სადგურის აშენება გადაწყვიტა, რადგან იმ დროს გამოყენებული ტექნოლოგია უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. გამომდინარე იქედან, რომ ახალი სადგურის აშენება ჭიანურდება, სომხეთის მთავრობამ 2014 წლის მარტში გადაწყვიტა, რომ ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2026 წლამდე დარჩეს.
მეწამორის ატომური ელექტროსადგური სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ევროკავშირი უკვე წლებია, სომხეთს ამ ელექტროსადგურის დახურვისაკენ მოუწოდებს, მიიჩ-ნევს, რომ საბჭოთა დროს აგებულ სადგურს მოდიფიცირების შემთხვევაშიც არ შეუძლია, უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები დააკმაყოფილოს.
იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში ბუნებრივი კატაკლიზმები მოხდება, მაგალითად – მიწისძვრა, არსებობს რეალური საშიშროება, რომ ატომური ელექტროსადგური მწყობრიდან გამოვიდეს და კატასროფული ზიანი მიაყენოს როგორც სომხეთს, ისე – მის მეზობლად მდებარე ქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები