ადვოკატი: დავით ბაგრატიონის უფლებადამცველი ცდილობს, მოწმეებზე გავლენა მოახდინოს
“დავით ბაგრატიონის ადვოკატი ცდილობს, მოწმეებზე გავლენა მოახდინოს”, – ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის შესახებ მოწმემ თავად მოუყვა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მის ვინაობას არ ამხელს.
„საზოგადოებამ იცის, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც იძიებს დავით ბაგრატიონის მხრიდან ანა ბაგრატიონზე შესაძლო ძალადობის ფაქტს. საზოგადოებამ, ასევე, იცის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულები არიან მოწმეები. ჩვენთვის ცნობილი გახდა გარემოება, რომლის მიხედვითაც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ახალი ადვოკატი, ბატონი ლევან მახარაშვილი თავის ოფისში, მცხეთის ქუჩაზე ცდილობს, დაიბაროს ის მოწმეები, რომელთაც შესაძლოა, ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდეთ შეხება. იგი პირდაპირ სთხოვს მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას კონკრეტულ, პირდაპირ მოწმეებს. თავი რომ დავანებოთ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს მის ამ ქმედებებში, ეს, მინიმუმ, პროფესიული ეთიკიდან არის სრულად ამოვარდნილი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ასეთი პიროვნების შესახებ, რომელიც უკვე გამოკითხულია გამოძიების მიერ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ; თუმცა, ეს არის პირდაპირი მოწმე, რომელიც საგამოძიებოში გამოკითხვამდე იმყოფებოდა ლევან მახარაშვილთან ოფისში, მცხეთის ქუჩაზე. მან კონკრეტულად მომიყვა ის დეტალები, როგორ მოხდა მისი დაბარება, რა იყო მათი მხრიდან მოთხოვნა“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, მოწმეს დავით ბაგრატიონის დაცვის მხარე აშანტაჟებს.
„ამ ადამიანს ხშირად სდებენ ბრალს, თითქოს, მან დავით ბაგრატიონს წარსულში რაღაც მოპარა და ქურდობის ფაქტით ცდილობენ, დაიყოლიონ მათთვის სასურველი ჩვენების მიცემაზე, რაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის მოწმეზე ზემოქმედება, რომელსაც აქვს ინფორმაცია ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით. ისინი წერილობითი ფორმით სთხოვდნენ, მიეღოთ წინასწარი ჩვენება – ის, თუ რას განაცხადებდა მომავალში საგამოძიებოში. ჩემი ინფორმაციით, აღნიშნულმა პიროვნებამ წინასწარი ჩვენების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ, რაც ვერ დაიყოლიეს ცრუ ჩვენების მიცემაზე, ამ პიროვნებას შემდეგ მოსთხოვეს, ეთქვა, რომ ეს ფაქტები აღარ ახსოვს სიძველიდან გამომდინარე. ჩემთვის ცნობილი არ არის, საბოლოოდ, ამ ადამიანმა რა ჩვენება მისცა. ეს ჩემთვის არ უთქვამს იქედან გამომდინარე, რომ გაუთქმელობაზეც აქვს ხელი მოწერილი. თუმცა ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს მოწმეებზე გავლენა მოახდინოს იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ადამიანმა თავიდან აირიდოს, ეს ცალსახაა.
მინდა, საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს ერთ რამეზე: როგორ სინქრონში შეიცვალა სასამართლოს დამოკიდებულება ჩვენსა და ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის დამოკიდებულება სასამართლოსთან. თავიდან პოზიცია იყო ის, რომ სასამართლო ჩიხშია შესული, განიხილავს ისეთ საქმეს, რომელიც მისი საქმე არ არის, იყო ღია კონფრონტაცია სასამართლოსთან მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან. იყო მითითება, რომ საგამოძიებო ორგანოში არ მივიდოდა დავით ბაგრატიონი. ის საქართველოდან საერთოდ წავიდა, შემდეგ იქედან მადლობას უხდის მართლმსაჯულებას, პოლიციას ნდობას უცხადებს. ამ დროს ვიღებთ სასამართლოდან ცნობას, რომ ჩვენი საქმე საერთოდ განუხილველად იქნება დარჩენილი, რაც საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს სინქორნში და მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანმა ქვეყნის დატოვების შემდეგ შეძლო გავლენის მოხდენა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით იმ სამოქალაქო დავაზე, რომელზეც ჩვენ, ამ ეტაპზე, შეტანილი გვაქვს კერძო საჩივარი და ველოდებით სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას”, – განაცხადა გორელაშვილმა.
შეგახსენებთ, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, რომელიც “საქართველოს სამეფო ოჯახის” სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, სარჩელი სასამართლომ განუხილველად დატოვა და მოსარჩელეს უკან დაუბრუნა.
ცნობისთვის, 2 აპრილს ანა ბაგრატონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიებას 2014 წელს მასზე გახორიელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მას ფიზიკური დაზიანებები, სავარაუდოდ – ბლაგვი საგნით, ყოფილმა მეუღლემ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა. ადვოკატების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც არსებობს.
თამუნა შეყილაძე