“საქართველოში კლინიკების რაოდენობით საშუალო ევროპულ დონეზე ვართ”

“საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზე ვართ ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსის“ გაფართოებით ერთ დაწესებულებაში დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩატარების შესაძლებლობა ჩნდება.
„მოხარული ვარ ამ ახალი შესაძლებლობებით, რაც ქართულ ჯანდაცვაში გაჩნდა. მინდოდა, ხაზი გამესვა, რომ საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზე ვართ ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით. თუმცა, გამოწვევად რჩება, ერთი მხრივ, ამბულატორიული ნაწილი და მედიკამენტებით უზრუნველყოფა და, მეორე მხრივ, ისეთი დაწესებულებები, სადაც შესაძლებლობა ჩნდება, პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩატარება ერთ დაწესებულებაში მოხდეს. ახალი ჰოსპიტალი, ამ გაფართოებით, სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა და იმედი მაქვს, ეს კლინიკა, ამ მხრივ, ერთ-ერთი სანიმუშო გახდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, ორთაჭალაში, კრწანისის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილურ კლინიკაში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი იწყებს მუშაობას. 2019 წლის აპრილიდან კი, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები