იაგო ხვიჩია: ბანერს, სადაც გამოსახულია სესიაშვილი პრეზერვატივზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავგზავნით, რომ მომავლისთვის ინახებოდეს

“ვაპირებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს ირაკლი სესიაშვილის იმ ინიციატივის მხარდაჭერა, რომლითაც სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ, არ გავუტაროთ”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა ამორალურია. როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, “გირჩი“, პარლამენტის ყველა წევრზე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, საზოგადოებრივ- მორალურ ზეწოლას მოახდენს.
„ვაპირებთ იმას, რომ არ გავუტაროთ საქართველოს პარლამენტის წევრებს ამ კანონის მხარდაჭერა. ჩვენ არ გვაქვს ზეწოლის მექნიზმები, პარლამენტში არ ვართ წარმოდგენილი , მაგრამ ვართ მართლები. ვაპირებთ საკუთარი სიმართლის დემონსტრირებას ყველანაირი ფორმით არა მხოლოდ აწმყოში, არამედ – მომავლისთვისაც. ვაპირებთ, ბატონი სესიაშვილის ბანერი, რომელზეც გამოსახულია სესიაშვილი პრეზერვატივზე , გავაგზავნოთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში , რომ მომავლისთვის ინახებოდეს – როგორ ახერხებდა სამოქალაქო ჯგუფი, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი პოლიტიკური პარტია, მომავლისა და შთამომავლების წინაშე გაეშავებინა ადამიანები, რომლებიც თავისუფლების მტრები არიან. ბატონი სესიაშვილის მემკვიდრეებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დახვდებათ ისტორია მათი წინაპრის ვაჟკაცობის შესახებ. იგივე დაემართება პარლამენტის ყველა წევრს, რომელიც საქართველოს ახალგაზრდების მიმართ ამ არაადამიანურ დამოკიდებულებას მხარს დაუჭერს. ჩვენ ვაპირებთ საზოგადოებრივ- მორალურ ზეწოლას პარლამენტის ყველა წევრზე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ყველა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი კანონპროექტების მხარდაჭრა ძვირი ჯდება. ძვირი ჯდება იმ დონეზე, რომ, საბოლოო ჯამში, შვილებსა და შვილიშვილებს რცხვენიათ ბაბუებისა და მამების. ჩვენ ამ ბრძოლაში ხალხის იმედით მივდივართ.
გვეუბნებიან, რომ, თითქოს, თავდაცვისუნარიანობას ებრძვის „გირჩი“ ქვეყანაში. სინამდვილეში, ყველამ იცის, რა ხდება ქართულ ჯარში. ცოტა ხნის წინ, ადამიანებს აწამებდნენ და ფულს სძალავდნენ იმ ჯარში. ასეთ ჯარში მივერეკებით უპატრონოთა შვილებს იმიტომ, რომ პატრონიანთა შვილები, დეპუტატების, პოლიტიკოსების შვილები, პოლიციის უფროსების შვილებიც კი ჯარში არ დადიან.
ჩვენ დისკრიმინაციაზე მეტად ჩვენ სხვა რამეს ვაწვებით. მიგვაჩნია, რომ მთლიანად ამორალურია ეს პროცესი, დისკრიმინაცია ცალკე გამოსაყოფი არ არის. თავის დროზე ის ჩანაწერები, რასაც ახლა ბატონი სესიაშვილი გაუქმებას უპირებს, იმის გამო ჩაიწერა კანონში, რომ დისკრიმინაცია აღმოფხვრილიყო სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ, რაც კონკორდატით იყო დაშვებული. კონკორდატში ეწერა, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ღვთისმსახურები არ მიდიან ჯარში. ეს გაუგებრობა რომ აღმოფხვრილიყო და ყველა რელიგიურ დაწესებულებას, თუ ორგანიზაციას ჰქონოდა თანაბარი პირობები, ამის გამო ჩაიწერა ის მუხლი იქ, სადაც ჩაიწერა. ამ მუხლის ამოღება, სინამდვილეში, ნიშნავს იმას, რომ მე აღვადგენ დისკრიმინაციას, რომელიც კონკორდატის შედეგად იყო და გამოსწროდა “, – განაცხადა ხვიჩიამ.
„გირჩში“ მიიჩნევენ, რომ ეს კანონპროეტი რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ არის მიმართული.“ბიბლიური თავისუფლება” ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.
„ეს რელიგია შეიქმნა ადამიანების მონობისგან დასაცავად. ორ წელიწადში, ბიბლიურმა თავისუფლებამ ერთწლიან მონობას, ცხოვრების, კარიერის, მომავლის დანგრევას გადაარჩინა 15,000-ზე მეტი ახალგაზრდა”, – აცხადებენ პარტიაში.
ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა, რომლის მიხედვით სასულიერო პირები – გარდა მართლმადიდებლებისა – სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ, დღეს წარედგინება.
კანონპროექტით, მღვდელმსახურება აღარ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი. კანონის შესაბამის, 30-ე მუხლში, გაუქმდება ის ნორმა, რომელიც წვევამდელ მღვდელმსახურებს აძლევდა ამ უფლებას. გამონაკლის მდგომარეობაში აღმოჩნდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წარმომადგენლებიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ძალით შეინარჩუნებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლების უფლებას.
როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებდა აღნიშნულ ნორმას, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნა.
„თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მივიღებთ სურათს, რომ წელს, შეიძლება, წვევამდელი ვეღარ გავიწვიოთ, ანუ – სისტემა ჩამოგვეშალოს. მე წმინდა უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების მიხედვით მივუდექი საკითხს და არა – რელიგიური მოტივით. საერთო ჯამში, შეიძლება მივიღოთ, რომ იმაზე მეტი მღვდელმსახური გვყავდეს, ვიდრე ჯარისკაცი”, -განაცხადა სესიაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები