ცქიტიშვილი წილოსანს: კომპანიები ცდილობენ, ადგილობრივები დაასაქმონ, თუმცა კვალიფიციური კადრების პრობლემაა

პარლამენტის დეპუტატის ნინო წილოსანის კითხვებს საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა რეგიონში დასაქმების, წყალმომარაგების და წყლის ხარისხის პრობლემების და საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ კითხვები მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში დაუსვა.
„ქალბატონ ნინოს მინდა ვუპასუხო, რაც შეეხება ბიუჯეტის ზრდას, ეს არ არის მხოლოდ თანხის პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ აქ პრობლემა არის უშუალოდ ამ პროექტების ათვისების. ის კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში მოქმედებენ, პირველ რიგში, საპროექტო კომპანიები, ხშირ შემთხვევაში უკვე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიუახლოვდნენ, იმიტომ, რომ საქართველოში ფიზიკურად არ გვყავს ამდენი ინჟინერი, რომელიც წყლის სექტორში არის გამოცდილი, არ არის ამდენი გამოცდილი კომპანია, რომელმაც შეიძლება ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა და მოგვცეს ხარისხიანი პროექტები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის კითხვას ადგილობრივების დასაქმებაზე, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიები ცდილობენ, ადგილობრივები დაასაქმონ, თუმცა კვალიფიციური კადრების პრობლემაა.
„კომპანიები, უმეტესწილად, ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებენ. რაც შეეხება კვალიფიცირებულ, ანუ ე.წ. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონაჟს, ზოგადად საკითხი, ასევე პრობლემატურია. ამ მიმართულებითაც ჩვენ ტექნიკურ უნივერსიტეტთან უკვე გვქონდა კომუნიკაცია. შეხვედრები სტუდენტებთან, სადაც ვცდილობთ დავაინტერესოთ ახალგაზრდები ჩვენი პროექტებით. მათთან ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ პროექტებში, განსაკუთრებით, სადაც ბევრი ახალი ხიდი და ახალი გვირაბი შენდება, სტაჟირებაში ჩავრთოთ ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტები, რათა ჩვენც შევუწყოთ ამ სექტორს ხელი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები