მარიამ ჯაში: შოთა რუსთაველის ფონდში დაგეგმილი ცვლილებები ქართველ მეცნიერებს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის სამოქმედო გეგმას გაეცნო. გეგმა დეპუტატებს ფონდის დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ წარუდგინა. მასთან ერთად კომიტეტმა საკანონმდელო კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელა.
ფონდის დირექტორის ინფორმაციით, ფონდის ჯამური ბიუჯეტი 2019 წელს 33 მლნ ლარია, მათ შორის, 32 მლნ ლარი უშუალოდ პროგრამულ, სამეცნიერო კვლევითი პროექტების დაფინანსებაზეა გათვალისწინებული. ფონდის ბიუჯეტიდან ფიქსირებულად 3.2 მილიონი ლარი საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებში შემოთავაზებულ კვლევებზე მიემართება.
ფონდის უმთავრესს პრიორიტეტებშია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) სტანდარტების დანერგვა და საქართველოს გაწევრიანება EuroAxess-ში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მეცნიერების საერთაშორისო კვლევით პროცესებში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვისა და ქართული მეცნიერების პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო დონეზე.
ფონდის ერთ-ერთი ნოვაცია იქნება ერთიანი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერებები” (Georgian Science) შექმნა. ზვიად გაბისონიამ გამოწვევებს შორის აღნიშნა სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის პრობლემატიკა, საქართველოში მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების აუცილებლობა, კერძოდ, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის დაბალი მაჩვენებლები.
მარიამ ჯაშის შეფასებით, შოთა რუსთაველის ფონდში დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართველ მეცნიერებს და საქართველოს ქართულობას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.
კომიტეტის თავმჯდომარემ და წევრებმა დადებითად შეაფასეს ფონდის მიერ წარმოდგენილი განვითარების ხედვა და კონკრეტული ინიციატივები. კომიტეტი მზად არის მხარი დაუჭირონ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალ ინიციატივებს და საკანონმდებლო დონეზე მისაღები ცვლილებების პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები